ალექსანდრე გაჩეჩილაძე - საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლება ქურთისტანის სივრცეში შეზღუდვებს უკავშირდება
ალექსანდრე გაჩეჩილაძე - საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლება ქურთისტანის სივრცეში შეზღუდვებს უკავშირდება

გასულ წელს საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების 2.14 პროცენტიანი კლება ქურთისტანის სივრცეში შეზღუდვებს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს აეროპორტების გასული წლის ტენდენციები და ზოგადად საავიაციო ბაზრის პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, გასული წელი საქართველოს აეროპორტებმა ჯამურად 3,5-პროცენტიანი ზრდით დახურეს. თუმცა ტვირთების გადაზიდვის კუთხით მცირე 2.14 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რაც გაჩეჩილაძის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფაქტორს უკავშირდება.

„ტვირთების მიმართულებით არის უმნიშვნელო კლება. ზოგადად 2019 წელი მსოფლიო დონეზეც ტვირთების მოცულობის ზრდით არ გამოირჩეოდა. საქართველოსთან მიმართებით იყო ასეთი გარე ფაქტორი: 2019 წლის გარკვეულ პერიოდში ერაყის შიდა სიტუაციიდან გამომდინარე, ქურთისტანის საჰაერო სივრცეში გარკევული შეზღუდვები იყო დაწესებული, რამაც საქართველოდან ერაყში სატვირთო რეისების რაოდენობა შეამცირა. ტვირთების მიმართულებით კლებას ამ ფაქტორს ვუკავშირებთ“, – განუცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორს“.