ალექსანდრე ერქვანია - მადლობა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიის, პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულისთვის, ვინ რა გააკეთა, ისტორია განსჯის 
ალექსანდრე ერქვანია - მადლობა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიის, პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულისთვის, ვინ რა გააკეთა, ისტორია განსჯის 

მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის, – განაცხადა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

„მინდა, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გამოვეხმაურო. სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ეს საყრდენს აცლის და ანადგურებს იმ საძირკველს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა. ქრისტეს მოძულეები, ღირსებააყრილი და უზნეო ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ იმ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს და ცოცხლობს ჩვენი ერი.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ერქვანიამ.

მისივე თქმით, დღეს პატრიარქი არის გარანტი საქართველოს ეკლესიის ერთობისა და ამიტომ არის „ბინძური და ცილისმწამებლური ბრძოლა მის წინააღმდეგ“. ერქვანია აფრთხილებს ყველას, ვისაც სურს ეკლესიაში შფოთვის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილება, ისინი არ მოატყუოს პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. „მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია.

„ვერ გააცნობიერა, რა როლი აკისრია ეკლესიას ქვეყნის აღმშენებლობაში, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობაა. ამიტომაც ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. აქვე, არ შემიძლია, დიდი მადლობა არ გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის, თავგანწირვისთვის და სიყვარულისთვის. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.

დაბოლოს, მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერებს, ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, – განაცხადა ერქვანიამ.