ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა (SCOPE) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი პრევენციული საპოლიციო ღონისძიება ტარდება, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევის თავიდან აცილება და აღკვეთა. აქედან გამომდინარე, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას, მოზარდებთან თანამშრომლობის და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის გზით.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა – სარა რუპერტმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – თამარ მახარაშვილმა.

SCOPE პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხოლო კონფერენციის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – თამარ მახარაშვილმა, სკოლის, საზოგადოების და პოლიციის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.

კონფერენციის დასასრულს, პროგრამაში ჩართულ სამართალდამცველებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.