ალექსანდრე დარახველიძე - ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ
ალექსანდრე დარახველიძე - ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ

ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან მათ, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოებას შეიძლება, საფრთხე შეუქმნას.

„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე ბუნებრივია, უარს ეუბნებიან. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან“, – განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროება  თუ დადგება, საბჭო შეიკრიბება.

„როგორც კი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყველა სამართალდამცავი უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახდენს რისკების, გამოწვევების ანალიზს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. როგორც კი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, შეიკრიბება. კანონით განსაზღვრულია გარემოებები, როცა უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტთან ამ საკითხზე საუბარი იყო და მას არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.