ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმის დინამოელებს მიმართა - მეტი იშრომეთ, ასეთ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ ეკადრება
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის თქმით, მსგავსი საფეხბურთო სტადიონის აშენება მის ახალგაზრდობაში წარმოუდგენელი იყო.
„მიხარია, რომ ჩვენს საყვარელ ბათუმში ასეთი ბრწყინვალე სტადიონი აშენდა. მთელი მსოფლიო მომივლია, ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგარამ ეს სხვაგვარია, რაღაცნაიარად ჩვენებური სტადიონია. აქ ბავშვები არიან და მათ მივმართავ, თქვენს ასაკში ასეთ სტადიონზე ვერც ვიოცნებებდი. აქ ბათუმის „დინამო“ ითამაშებს და ბიჭებს ვთხოვდი, მეტი იშრომეთ, რომ ხარისხი გაზარდოთ – ასეთ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ ეკადრება“, – ამბობს ალექსანდრე ჩივაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული გუნდი, ბათუმის „დინამო“ საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩა. გუნდი 14 წელია საკუთარ სტადიონზე არ თამაშობს. ამ პერიოდში ბათუმის „დინამო“ გამოდიოდა ქობულეთში, ფოთში, ლანჩხუთში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბოლო ორი წელი კი საკუთარ საფეხბურთო ბაზაზე თამაშობს.
ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. ტრიბუნები 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.