ალექსანდრე ბარამიძე - ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“, რომ კიდევ ერთხელ მოუხდებათ კონსტიტუციის შეცვლა
ალექსანდრე ბარამიძე - ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“, რომ კიდევ ერთხელ მოუხდებათ კონსტიტუციის შეცვლა

ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“, რომ კიდევ ერთხელ მოუხდებათ კონსტიტუციის შეცვლა, რადგან ახლაც ხელის გადაგრეხვის გზით იღებთ ამ ცვლილებას, როგორც უწინდელი ცვლილებების დროს იყო, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„აგერ, გთავაზობთ კონსენსუსს. კი ბატონო, ბარიერთან დაკავშირებით ნულოვანი ბარიერი იყოს პარტიებისთვის, მაგრამ მოდით, ბლოკები დავტოვოთ და ბლოკებისთვის გავზარდოთ ეს ბარიერი. თუნდაც, ამ სტუდიაში მოვისმინეთ ამის საწინააღმდეგო რამე ხელშესახები კონტრარგუმენტი?! არ მოგვისმენია. ამიტომ, გარწმუნებთ, კონსტიტუცია კიდევ შეიცვლება და ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“ – მოგიხდებათ კიდევ ერთხელ შეცვლა იმიტომ, რომ ახლაც ხელის გადაგრეხვის გზით იღებთ ამ ცვლილებას, როგორც უწინდელი ცვლილებების დროს იყო, ყველა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ბლოკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გაუგებარია, რატომ არ უნდა ბლოკები ხელისუფლებას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ბლოკები, რადგან ჩვენ საარჩევნო სისტემაში ბლოკები ყოველთვის იყო და ეს ბლოკები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ პარლამენტში მეტნაკლებად მეტი პოლიტიკური პარტია მოხვედრილიყო, ამა თუ იმ ფორმით; მათ შორის – ბლოკების მეშვეობით. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ უნდათ ბლოკები. მიგვაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების დისპროპორციული შეზღუდვა, ამომრჩევლის წინაშე ერთიანი პლატფორმით წარდგნენ. ბარიერთან დაკავშირებით პრობლემა ის არის, რომ უბარიერობის პირობებში შეიძლება, პარლამენტში მეტისმეტად ბევრი პოლიტიკური გაერთიანება მოხვდეს და პარლამენტი გადაწყვეტილების უნარის დეფიციტის მქონე აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ პოლიტიკური პარტიები შანტაჟის მდგომარეობაში არ უნდა ამყოფოს.

„შეიძლება, ჩვენ ასე შანტაჟის მდგომარეობაში ვიმყოფებით – ან დაუჭერ ამას მხარს, ან არადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მთლიანად ჩავარდება. ასეთ ვითარებაში, თუ სხვა გზა არ არის, კი, დავთანხმდებით, მაგრამ მეორეა ის, რომ შენ პოლიტიკური სპექტრი შანტაჟის მდგომარეობაში არ უნდა ამყოფო“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამ განცხადებით ალექსანდრე ბარამიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აძლევს თუ არა ხელისუფლებას მოლაპარაკებაზე წაუსვლელობის საშუალებას ამგვარი პოზიცია, რომ პროპორციული არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, ბლოკების საკითხი გავა თუ არა, პოლიტიკური პარტიები მას მხარს მაინც დაუჭერენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიების უფლების შეზღუდვა სურს და ამის ლეგიტიმურ მიზანს ვერ ასაბუთებს.

„მე გეტყვით, რატომ გინდათ, რომ შეზღუდოთ. გინდათ იმისთვის, რომ არ მიიღოთ დიდი კოალიციები, რომლებიც არჩევნებში უფრო იოლად დაგამარცხებენ. აი, ეს არის მთავარი“, – ამ განცხადებით სანდრო ბარამიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ საპარალამენტო უმრავლესობის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიმართა.