ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა საათსა და 37 წუთში 7:5, 7:6(5) დაამარცხა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.
პირველი სეტის პირველი 11 გეიმი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა და არც ერთ ჩოგბურთელს არ მიუღია ბრეიკ-პოინტის შანსი. როცა ტაი-ბრეიკის თამაში გარდაუვალი ჩანდა, ფედერერმა, მოულოდნელად, ჩააგდო მე-12 გეიმი – საკუთარი მოწოდება „მშრალი“ ანგარიშით დათმო და სეტი მეტოქეს ჩააბარა.
მეორე სეტი როჯერისთვის კარგად დაიწყო – შვეიცარიელმა მესამე გეიმში პირველი ბრეიკ-პოინტები მოიპოვა და შეძლო პირველი ბრეიკის შესრულება, მაგრამ ზვერევმა მომდევნო გეიმში იგივეთი უპასუხა. ამის შემდეგ, ისევ თანაბარი თამაში გაგრძელდა. ამჯერად, ტაი-ბრეიკის თამაში საჭირო გახდა. მე-13 გეიმში პირველი ცხრა ქულა ისე გათამაშდა, რომ მეტოქეებმა საკუთარ მოწოდებები შეინარჩუნეს.
5:4-ზე ზვერევმა მინი-ბრეიკი შეასრულა, ორმაგი მატჩბოლი მიიღო და მეორე ცდაზე შანსი გამოიყენა, რითაც კარერაში პირველად მოიპოვა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში თამაშის უფლება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და კევინ ანდერსონი შეხვდებიან ერთმანეთს.