ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დიდი ზეწოლის ქვეშაა, თუმცა შევძელით დამოუკიდებლობის დაცვა
სერბეთი უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დიდი ზეწოლის ქვეშაა, თუმცა შევძელით დამოუკიდებლობის დაცვა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პეკინში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სერბეთი უკრაინის კრიზისის დაწყებიდან იმყოფება ძალიან რთულ ვითარებაში და დიდი ზეწოლის ქვეშ, მაგრამ, ამის მიუხედავად, შევძელით, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია, დავიცავით სერბეთის დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც არ შემოუღია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მომავალშიც შევინარჩუნებთ სამხედრო ნეიტრალიტეტს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების მაღალ დონზე შენარჩუნება ყველა სფეროში.
„იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი. ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, განსაკუთრებით, გაზმომარაგება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, სერბეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთში ხვალ დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იქნებიან რუსეთის, ინდოეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებიდან აღლუმს მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრება, რომელიც დღეს პეკინში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.