ალექსანდრ ვუჩიჩი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე, მე არ ვარ აქ, რომ ვასიამოვნო რუსები, უკრაინელები, ან ვინმე სხვა, სერბების გარდა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე, – ამის შესახებ სერბეთის პეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მედიაკონცერნ „ალექს სპრიმგერის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მათიას დიოფნერთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სერბეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ ვარ აქ, რომ ვასიამოვნო რუსები, ან უკრაინელები, ან ვინმე სხვა, სერბების გარდა. ვხედავ, რომ ახლა სერბეთში დიდი გაუგებრობაა. ახლა მიმიჩნევენ ყველაზე დიდ მოღალატედ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის გამო, თითქოსდა ეს ჩემი სამუშაო არ იყოს. თუ არ ხარ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ მასთან შეხვედრის უფლება არ გაქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, არ იყო ცუდი სერბეთისთვის ან უკრაინისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკა, რომელსაც სერბეთი მისდევს, არავისთვისაა მისაღები.
„ყველა ამბობდა, რომ თქვენ ერთდროულად სხვადასხვა სკამზე სხედხართ და უნდა აირჩიოთ ერთი სკამი. ჩვენ ავირჩიეთ ეს სკამი და ეს არის სერბული სკამი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიზანი. ესაა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა; მეორე – ჩვენ გვსურს ტრადიციული კავშირების შენარჩუნება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთან, ინდოეთთან და ყველა სხვა ქვეყნასთან, ასევე აფრიკულ ქვეყნებთან, რომლებთან ერთადაც ვიყავით „მიუმხრობლობის მოძრაობის“ წევრები. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესოდ მოემსახურა სერბეთის ინტერესებს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ვუჩიჩმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და თქვა, რომ, აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერების ადგილზე, ის არ დაიწყებდა ლოდინს, თუ როდის დასუსტდება რუსეთი და ახლავე არ დაიშურებდა ძალისხმევას, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიეყვანა.
„არავის უნდა მშვიდობა. ყველას უნდა მეორე მხარის დამარცხების ხილვა, მაგრამ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც რეალური მშვიდობა სურთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. მშვიდობა მაინც უკეთესია, ვიდრე ომი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.