ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს ჩრდილოეთით ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას კოსოვოს პრემიერ-მინისტრს აკისრებს, კოსოვოში მცხოვრებ სერბებს კი მოუწოდებს, არ დაუპირისპირდნენ ნატო-ს ძალებს
ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს ჩრდილოეთით ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას კოსოვოს პრემიერ-მინისტრს აკისრებს, კოსოვოში მცხოვრებ სერბებს კი მოუწოდებს, არ დაუპირისპირდნენ ნატო-ს ძალებს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის აკისრებს. სერბეთის ლიდერმა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდა, არ დაუპირისპირდნენ ნატო-ს ძალებს.

„ყველაფერი ეს დაგეგმილია ალბინ კურტის მიერ, რადგან მას სურს, დაიწყოს კონფლიქტი სერბებსა და ნატო-ს შორის… იმის მიუხედავად, რომ ვიცი, რამდენად რთულია ეს მათთვის, მოვუწოდებ სერბებს კოსოვოსა და მეტოხიაში, არ შევიდნენ კონფლიქტში ნატო-სთან, რადგან ეს არის ის, რაც კურტის სურს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მოახდინონ გავლენა კოსოვოს პრემიერ-მინისტრზე მის „გონს მოსაყვანად“.

„გააკეთეთ ეს, რადგან სერბეთსა და სერბებს სურთ მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან გვიანი იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, კოსოვოს პოლიციამ სერბ დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. სერბეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაშავებულია 52 სერბი. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ნატო-ს სამშვიდობო მისიაში დაშავებულია 41 სამხედრო, მათი უმრავლესობა იტალიელი და უნგრელია. მათგან სამს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ნატო-ს ძალები სერბებით დასახლებული კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განათავსეს. ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა, როდესაც ადგილობრივი სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბებმა არ მიიღეს მონაწილეობა აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში და უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს შეადგენენ.