ალექსანდრ ვუჩიჩი – გვსურს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გახსნას მოლაპარაკების ყველა კლასტერი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ევროპულ გზაზე
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, სერბეთის იმედი ჰქონდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გახსნას მოლაპარაკების ყველა კლასტერი, რაც შეიძლება მალე დახუროს ისინი, რადგან ეს არის უკრაინელი ხალხის, უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილი. ჩვენ არ გვქონია და არც მომავალში გვექნება პრობლემები ამასთან დაკავშირებით. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელგრადი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაერო-ს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სერბეთიც, ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას ისურვებდა.
„პოლიტიკურ ვეტერანს თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ დარწმუნებული არ ვარ. ძალიან მეშინია, რომ ძალიან რთული ზამთარი გვექნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.