ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, ევროპამ სერბეთიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეიძინოს - „ეს გრანდიოზული წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის“
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, ევროპამ სერბეთიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეიძინოს - „ეს გრანდიოზული წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის“

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, ევროპამ სერბეთიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეიძინოს.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთის საწყობები „სავსეა საბრძოლო მასალით“.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ომში მყოფ ქვეყანას საბრძოლო მასალით ვამარაგებ, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, შეთანხმება დადონ და ჩვენგან შეიძინონ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს გრანდიოზული წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალა მოგვიანებით უკრაინაში აღმოჩნდეს, ვუჩიჩმა უპასუხა, რომ მყიდველებს შეეძლებათ გააკეთონ ის, რაც სურთ.

„გრძელვადიანი კონტრაქტები გვჭირდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ აბსოლუტურად მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ევროპელებთან“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამჟამად ევროპული ქვეყნებისგან პასუხს ელოდება.