ალექსანდრ ვერშბოუ - სალომე ზურაბიშვილის დამაიმედებელ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ პუტინის სტრატეგია წარუმატებელია
სალომე ზურაბიშვილის დამაიმედებელ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ პუტინის სტრატეგია წარუმატებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩი რუსეთში და ნატო-ს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, დიპლომატმა ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა. ვერშბოუ მოდერაციას უწევდა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიას ნიუ იორკში, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.
ვერშბოუს თქმით, პუტინის მცდელობაც კი, დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეზობლების გზა დასავლეთისკენ, არ არის წარმატებული.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო სალომე ზურაბიშვილთან საუბარი. ჩემი აზრით, მან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოს წარმატების, რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ამასთან, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის და ნატო-სთვის, რომ გადადგან შემდეგი ნაბიჯები, რათა დაეხმარონ საქართველოს, გააგრძელოს გზა დასავლეთისკენ.
მისი ერთ-ერთი დამაიმედებელი მოსაზრება, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმები, იყო ის, როდესაც მან პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიას წარუმატებელი უწოდა.
მისი მცდელობაც კი, დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეზობლების გზა დასავლეთისკენ, არ არის წარმატებული. მაგრამ, ჩემი აზრით, დასავლეთმა უნდა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა, რომ ეს ასეც დარჩეს“, – განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.