ალექსანდრ ვერშბოუ - მჯერა, ჯო ბაიდენი გააცნობიერებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მეტი ჩართულობის სტრატეგიულ მნიშვნელობას
ალექსანდრ ვერშბოუ - მჯერა, ჯო ბაიდენი გააცნობიერებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მეტი ჩართულობის სტრატეგიულ მნიშვნელობას

ჯო ბაიდენის გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯერა, ის გააცნობიერებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მეტი ჩართულობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის მხარს უჭერს ნატო-ს ძალების გაზრდას შავ ზღვაში.

მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის შედეგად, რეგიონში რუსეთის გავლენა გაიზარდა.

„მხარს ვუჭერ შავ ზღვაში ნატო-ს ძალების შენარჩუნებას ან გაზრდას. როგორც ვიცი, საზღვაო პატრულის რაოდენობა გაიზარდა და ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს საჭირო ნაბიჯებს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ცხადია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის შედეგად, რუსეთის გავლენა გაიზარდა. სომხეთი რუსეთის დახმარებასა და დაცვაზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდა. ამასთან, რუსეთმა მოახერხა თურქეთის გავლენის შეზღუდვა. რუსეთმა თურქეთი არ დაბლოკა, მაგრამ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმების შესრულების პროცესში, თურქეთისთვის უფრო დიდი როლის მინიჭება უარყო. ამავე დროს, რუსეთმა გამოთიშა დიპლომატიური პროცესიდან აშშ, საფრანგეთი და ზოგადად, ევროპა. ამ გზით, რუსეთმა რეგიონში პოზიციები განამტკიცა“, – განაცხადა ვერშბოუმ.

მისივე შეფასებით, აშშ-ის დიპლომატიის პასიურობა დაეხმარა რუსეთს, მიეღწია იმ შედეგისთვის, რაც დადგა.

„ახლა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იცვლება და იმედი მაქვს, აშშ უფრო აქტიური გახდება, რადგან ვფიქრობ, სწორედ ამერიკის დიპლომატიის პასიურობა დაეხმარა რუსეთს, მიეღწია იმ შედეგისთვის, რაც დადგა. რაც შეეხება თურქეთს, შესაძლოა თურქეთთან ზოგიერთ საკითხზე საუბარი რთულია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული კომპრომისი, რაც თურქეთს დააბრუნებს ნატო-ს მოკავშირეთა მხარეს და ის ნაკლებად იქნება რუსეთის მხარდამჭერი, ან ნაკლებად შეეცდება დამოუკიდებლად თამაშს.

ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს მეტი ყურადღება სჭირდება. ჯო ბაიდენის გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯერა, ის გააცნობიერებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მეტი ჩართულობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ასევე, ნატო-ს სამხედრო და პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობას“, – განაცხადა ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი