ალექსანდრ უსიკმა დერეკ ჩისორა დაამარცხა და ჯოშუასთან ბრძოლას მიუახლოვდა (ვიდეო)
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ უსიკმა (18-0, 13KO) ლონდონში გამართულ რთულ ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ბრიტანელი დერეკ ჩისორა (32-10, 23KO).
მასპინძელმა ბრძოლის წინ განაცხადა, რომ ნამდვილ ომს მოუწყობდა უსიკს და მართლაც, პირველი რაუნდის პირველი წუთებიდან აქტიურად შეუტია უკრაინელს. ჩისორა ბევრ დარტყმას ასრულებდა, ხანდახან ცალი ხელით იჭერდა მოწინააღმდეგეს და მეორეთი ურტყამდა, მაგრამ მსაჯი ამას ყურადღებას არ აქცევდა.
უსიკმა გაუძლო მეტოქის სასტარტო ზეწოლას, თან უკვე მეორე რაუნდიდან ჩისორას დაღლა დაეტყო და სწორხაზოვნად დაიწყო მოქმედება. მიუხედავად ამისა, უკრაინელი მეოთხე რაუნდში რინგზე აღმოჩნდა, მაგრამ ნოკდაუნი არ ჩაითვალა, რადგან რეფერიმ მიიჩნია, რომ უსიკს, უბრალოდ, ფეხი დაუცდა.
უსიკმა თანაბარ ბრძოლაში გადაიყვანა შეხვედრა, მეშვიდე რაუნდში დარტყმების სერიით კინაღამ ნოკდაუნამდე მიიყვანა მეტოქე, მერვე რაუნდში კი სრულად დომინირებდა.
ჩისორამ ბოლო ძალები მოიკრიბა და მეცხრე რაუნდში დაბრუნდა ბრძოლაში, რითაც უსიკს ისევ თავდაცვაზე ზრუნვა მოუწია. მაგრამ ბრძოლა მაინც უკრაინელის უპირატესობით დასრულდა.
საერთო ჯამში, ჩისორამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტს, საკმაოდ ბევრი დარტყმა მიაყენა, რომელსაც უკრაინელმა ღირსეულად გაუძლო. საბოლოოდ, 12-რაუნდიანი მძიმე ორთაბრძოლა უსიკმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო – 117:112, 115:113, 115:113 და WBO Inter-Continental Heavy-ის ტიტული მოიპოვა.
ახლა, ალექსანდრ უსიკი ენტონი ჯოშუასთან შეხვედრის მთავარი ფავორიტია. და მათ ორთაბრძოლას შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ კუბრატ პულევმა, რომელიც 12 დეკემბერს, ლონდონში შეხვდება ჯოშუას.