ალექსანდრ სტუბი – უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის დაშინებას ცდილობს, ყოველ ჯერზე, როდესაც ჰიბრიდულ თავდასხმაზე ზედმეტად ვრეაგირებთ, ამ გზით მათ ბრძოლა რეალურად მოგებული აქვთ
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან მომდინარე მუქარისა და დივერსიული მოქმედებების ფონზე, სიმშვიდე შეინარჩუნონ და საფრთხეებზე გადაჭარბებული რეაქცია არ ჰქონდეთ.
სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“ მზად უნდა იყოს, თუმცა მოსკოვის მოქმედებებზე გადაჭარბებულმა რეაქციამ შესაძლოა, რუსეთის ინტერესებს შეუწყოს ხელი.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციასა და დაშინებას ცდილობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჰიბრიდულ თავდასხმაზე ზედმეტად ვრეაგირებთ, ამ კონკრეტული გზით ბრძოლა მათ რეალურად მოგებული აქვთ“, – განაცხადა სტუბმა „პოლიტიკოსთან“ინტერვიუში.
მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია არც რუსეთის ინტერესში შედის და არც ამის შესაძლებლობა აქვს.
„უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ინტერესში არ შედის და არც შესაძლებლობა აქვს, სრულმასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია განახორციელოს. ამიტომ ისინი დაშინებას გააგრძელებენ და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ მშვიდი, გაწონასწორებული და შეკავებული“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა ასევე დადებითად შეაფასა გერმანიის გადაწყვეტილება, ლაიფციგში დრონით თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა.
„ზუსტად ეს უნდა გააკეთოთ. უნდა მიუთითოთ პასუხისმგებელზე და თქვათ: ჩვენ ვიცით, რას აკეთებთ და ამას შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სტუბმა.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ზოგიერთი სადაზვერვო სამსახურის შეფასებები, რომლებიც, მისი თქმით, ფაქტობრივად აცხადებენ, რომ „შემდეგი თქვენ ხართ“ და რუსეთი შესაძლოა მათ ქვეყნებსაც დაესხას თავს.
„ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუმცა, იცით, ნატო-ში რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი ჩვენ გვაქვს – ნატო-ს მთლიანი საზღვრის ნახევარი. ჩვენი დაზვერვა გარკვეულ აქტივობას ხედავს, მაგრამ ამჟამად უშუალო სამხედრო საფრთხეს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა სტუბმა.
სტუბმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, სამშვიდობო პროცესისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
სტუბის თქმით, ის ასევე ელოდება უახლოეს კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას, მათ შორის, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე.
„ვნახოთ, რას შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიდი ოცეულის“ შეხვედრისთვის. შეძლებს თუ არა ზელენსკისა და პუტინის ერთ მაგიდასთან დასმას“ – განაცხადა სტუბმა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაა და მისი განხორციელება ჯეკპოტი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ამისგან ჯერ კიდევ შორს არის.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესაძლოა, ევროპის მთავარი მომლაპარაკებელი თავად გახდეს.
„არა, არ მგონია, ეს განიხილებოდეს. არ ვფიქრობ, რომ ევროპას ერთი წარმომადგენელი ეყოლება. ჩემი როლია, ვეცადო და კულისებიდან დავეხმარო“ – განაცხადა სტუბმა.