ალექსანდრ სტუბი - ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა
ალექსანდრ სტუბი - ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა

ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტუბის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ.

„შეხვედრის გაუქმება რუსების მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომის კიდევ ერთი მაგალითი იყო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ხელიდან გაუშვეს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე პუტინს ეხება, მასთან პირდაპირ და საჯაროდ მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები: ტრამპმა. მისივე თქმით, ევროკავშირი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაციის ხაზს არ გახსნის.

ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა კიევის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ ბოლო დროს მომხდარი კორუფციული სკანდალის მიუხედავად.

„მე დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე, წელს“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და ვლადიმერ პუტინზე, რათა მან შეცვალოს თავისი სტრატეგიული აზროვნება.

„პუტინს სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგაც“, – აღნიშნა სტუბმა.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპაში ჰიბრიდული ომი დაიწყო, ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი „ბუნდოვანი გახდა“.

სტუბის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც აწარმოებს ჰიბრიდულ ომს.

„ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანი გახდა“, – განაცხადა სტუბმა.

​ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას და „ქაოსისა და პანიკის გამოწვევას“ თავდასხმების, მათ შორის პროპაგანდის გზით.

„ამ საფრთხეებთან ბრძოლის გზა არის, იყო ფინელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმშვიდე, ბალანსირება და თავშეკავება“, – აღნიშნა სტუბმა.