ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში იგეგმება
ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში იგეგმება

2019 წლის ნოემბერში ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება. სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.

„მიმდინარე წელს გაიმართება წარმომადგენელთა პალატისა და რესპუბლიკის საბჭოს არჩევნები. ეს არჩევნები იქნება გამოცდა არა მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატებისთვისა და ხელისუფლების მთელი ვერტიკალისთვის, არამედ თითოეული ამომრჩევლისთვისაც“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა თუ ეს კანონთან შესაბამისობაში იქნება, შესაძლოა, არჩევნები ოქტომბრის რევოლუციის დღეს, 7 ნოემბერს დაინიშნოს.

„ქვეყანას სჭირდება ქმედითი, აქტიური, ძლიერი პარლამენტი, რომელშიც უნდა იყოს წარმოდგენილი ახალგაზრდობა. ვეტერანებს უნდა მიეცეთ ბრძოლის შესაძლებლობა, ხოლო ხელისუფლების ორგანოებს მათ მხარდაჭერას ვთხოვ. ნუ გეშინიათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენის. ნუ გეშინიათ ბრძოლის პარტიებისა და ორგანიზაციების სახელით. სწორედ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, სწორედ ესაა არჩევნები. თუმცა, სისულელეების გარეშე. სტადიონზე დებატების გარეშე. წადით ხალხთან, იქ არის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ფრონტი“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები გეგმის მიხედვით, 2020 წელს გაიმართება.