ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტზე ხელშეუხებლობის გარანტიები გავრცელდება, ასევე გამკაცრდა არჩევნებში მონაწილეობის წესი
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ხელშეუხებლობის მუდმივი გარანტიები მოიპოვა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
კერძოდ, საუბარია „ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ“ კანონზე, სადაც ახალი პრეზიდენტის არჩევის წესებიც მკაცრდება. ცვლილების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და წარსულში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა გააჩნდეს.
ასევე, პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მუდმივი იმუნიტეტი აქვს. პოსტის დატოვების შემთხვევაშიც, არ შეიძლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას ჩადენილი ქმედებების გამო ის პასუხისგებაში მიეცეს. უსაფრთხოების ასეთი გარანტიები ვრცელდება პრეზიდენტი ოჯახის წევრებზეც. ასევე, გადამდგარი პრეზიდენტი ხდება ბელარუსის სახალხო კრების წევრი.