ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ბელარუსის საზღვრის ყოველი მეტრის დაცვა დაავალა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ბელარუსის საზღვრის ყოველი მეტრის დაცვა დაავალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ყოველი მეტრის დაცვა დაავალა. როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკომ საზღვარზე არსებული სიტუაციის საკითხზე გამართულ თათბირზე ისაუბრა.

„დღეიდან, მომიჯნავე მხრიდან, იქნება ეს სამხრეთიდან თუ დასავლეთიდან, ბელარუსის ტერიტორიაზე არავინ უნდა შემოდგას ფეხი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს, განვიხილოთ ამ თათბირის მერე, შეიკრიბებით სახელმწიფო მდივანთან. აქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. დახურეთ საზღვრის ყოველი მეტრი. ჩვენ ტყუილად არ ვდებდით კოლოსალურ თანხებს სასაზღვრო ძალებში, ზოგადად ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენმა ხალხმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, უნდა იცოდეს, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მათ დასაცავად მზად არიან. ღმერთმა ნუ ქნას, მათ (მეზობელმა ქვეყნებმა) დაიწყონ იმ ხალხის ოფიციალური გამშვები პუნქტებიდან გაძევების ტაქტიკის განხორციელება, რომელსაც იქ თავად დაუძახეს. თქვენ იცით შედეგები, მათაც იციან. ამიტომ, იფიქრონ. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, მათ კი იფიქრონ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიეტუვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უკან ბელარუსში გააბრუნოს ის მიგრანტები, რომლებსაც ლიეტუვაში უკანონო გზით გადასვლისას დააკავებენ.