ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება ვიღაცას სჭირდება
ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება ვიღაცას სჭირდება

უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება ვიღაცას სჭირდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

„რატომ არ შეწყდა ეს კონფლიქტი აქამდე? ხუთი წელი გავიდა. იმიტომ, რომ ეს ვიღაცას სჭირდება. ჩვენ ყველა ვიტანჯებით უკრაინის კონფლიქტით. ეს მტკივნეული პრობლემაა პირადად ჩემთვის და როგორც უკრაინის მეზობელი სახელმწიფოს მეთაურისთვის“, – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, მინსკმა კონკრეტული ღონისძიებების გეგმა მოამზადა და წარადგინა, თუმცა ცივილიზებულმა ევროპამ აღნიშნული გეგმა უარყო.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა კონფლიქტის გამო 150 ათასი მიგრანტი მიიღო, თუმცა ამ ადამიანებისთვის საჭირო პირობების შექმნაში მინსკს არავინ დახმარებია და არც არავისთვის უთხოვია დახმარება.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკი იძულებული იყო თავისი ძმებისთვის საზღვარი ჩაეკეტა, რადგან იარაღის ნაკადები გაჩნდა.

„სადაც შეიარაღება ჩვეულებრივი ადამიანების და განსაკუთრებით ნაციონალისტურად განწყობილი პირების ხელშია, ტერორიზმს უნდა ელოდო“ – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.