ალექსანდრ ლუკაშენკო სომხეთში შექმნილ ვითარებაზე - ხალხთან თამაში არ შეიძლება
ალექსანდრ ლუკაშენკო სომხეთში შექმნილ ვითარებაზე - ხალხთან თამაში არ შეიძლება

ბელარუსის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობისა და ეროვნული კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„სომხეთი ჩვენს კავშირში იმყოფება და უცხო ქვეყანა არ არის. ჩვენ უნდა დავურეკოთ მათ და ვკითხოთ, რით შეგვიძლია დახმარება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„ხალხთან თამაში არ შეიძლება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, თავად ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებს. მისი განმარტებით, თუ ასეთი რამ გადაწყდება, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ მოსახლეობას წინასწარ, კანონის შესაბამისად აცნობენ.

„პირადად მე რეფერენდუმზე არც კი მიფიქრია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

„მე არასდროს ვმოქმედებდი უსამართლოდ ხალხის მიმართ. ამაზე არასდროს წავალ. ვიცი, როგორ მოვედი და როგორ გავიმარჯვე საპრეზიდენტო არჩევნებში. პირობას ვდებ, არასდროს დავარღვევ ჩემს ფიცს, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ის, რაც გუშინ – სომხეთში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„სამართლიანად უნდა მოქცეულიყვნენ. ოდესღაც ჩვენ წავედით ამ გზით, როდესაც ყველა პრეზიდენტის არჩევაზე შეზღუდვები გავაუქმეთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, სომხეთის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის საკითხი მან თავის დროზე ყოფილ პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან განიხილა. ბელარუსის ლიდერის თქმით, მაშინ მან საკუთარი პოზიცია არ დამალა და თქვა, რომ საჭიროა ხალხთან გულწრფელად და ღიად საუბარი.

„რა საჭიროა საფუძვლების შეცვლა, ქვეყნის პიროვნებაზე მორგება. ამის შემდეგ პიროვნება რომ გატყდეს? რაც მოხდა კიდეც“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის მოსახლეობა შექმნილ ვითარებას გაუმკლავდება.

„ხელისუფლების შეცვლა მარტივია, თუმცა ამის შემდეგ საჭიროა შედეგის მიღწევა. ღმერთმა ქნას, რომ სომხეთის ნიჭიერი ჭკვიანი ხალხი ამ სიტუაციას გაუმკლავდეს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში შექმნილ ვითარებაში დამნაშავეები არიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებიც. ლუკაშენკომ სომხეთში ერთი წლის წინ გამართული საპროტესტო გამოსვლები გაიხსენა, როდესაც სომხეთის მთავრობამ ბუნებრივი აირი გააძვირა.

„ნუთუ არ იყო გამოსავალი – გაზარდეს ფასები ენერგორესურსებზე, შემდეგ კი იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. რა, ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული? რუსეთზე არ იყო დამოკიდებული?“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს გამოსვლის ტექსტს ბელარუსული სააგენტო Belta ავრცელებს.