ალექსანდრ ლუკაშენკო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ჩვენ მამაცი ხალხი ვართ და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს ვიპოვით
ალექსანდრ ლუკაშენკო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ჩვენ მამაცი ხალხი ვართ და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს ვიპოვით

ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქართველოსთან კეთილი და თბილი ურთიერთობები მუდმივად შენარჩუნდეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვიზიტის გამო, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში გამონახავს დროს, რომ არა მხოლოდ მინსკი, არამედ მთელი ქვეყანა დაათვალიეროს.

„ვფიქრობ, თქვენთვის კარგად ნაცნობია ​საქართველო-ბელარუსის ურთიერთობების დეტალები. ჩვენ ნამდვილად ნულიდან დავიწყეთ ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ახლა საქართველო ბელარუსთან მიმართებაში წამყვან პოზიციებზეა. ძალიან კეთილი და თბილი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ერები ახლოს არიან. გვაქვს ურთიერთობების კარგი ფუნდამენტი. დამერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებ კეთილი და თბილი ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნებისთვის. ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორია საქართველოში ვითარება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თქვენმა ერმა ბევრი რთული დრო გამოიარა და თქვენ ყოველთვის ღირსეულად გამოხვედით რთული ვითარებიდან. ახლანდელი ვითარებაც არ არის მარტივი ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკებში, თუმცა ჩვენ მამაცი ხალხი ვართ და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს ვიპოვით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუსელ კოლეგას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ვიზიტის ვადაზე ადრე დასრულება მოუწია.

„ახლა საქართველოში დაძაბული ვითარებაა და აუცილებლობად ჩავთვალე იქ ყოფნა. როდესაც ქვეყანაში რაღაც ხდება, სახელმწიფოს მეთაური ადგილზე უნდა იყოს. ამის გამო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რადგან უნდა წავიდე და ჩემი ხალხის გვერდით უნდა ვიყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუსს ევროპული თამაშების წარმატებით ჩატარება უსურვა.

დატოვე კომენტარი