ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია
ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია

რუსეთის სპეცოპერაცია გაჭიანურდა, უკრაინაში ფაქტობრივად ომია, – ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო. ამასთან, ახლა ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ სპეცოპერაცია უკრაინაში გაჭიანურდა.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ყველაფერს ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. ამასთან, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით? ეს კიდევ ერთი კითხვაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

„ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის გადაღმა, როგორც აშშ-ია. ასევე ეს დაუშვებელია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, დედამიწა ორბიტას მოწყვიტოს და უცნობი მიმართულებით გავფრინდებით. ამიტომ ეს დაუშვებელია. შეუძლია თუ არა რუსეთის ამ იარაღის გამოყენება, ეს რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.