ალექსანდრ ლუკაშენკო - მოსკოვმა შესაძლოა, ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს დასავლეთის მიმართულებით
მოსკოვმა შესაძლოა, ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს დასავლეთის მიმართულებით, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავდება, თუ მხარეები ნავთობის სფეროში გადასახადებთან დაკავშირებული დანაკარგების კომპენსაციის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
„თუ რუსეთის ხელისუფლება მოძრაობის მსგავს კურსს აირჩევს და დასავლეთის მიმართულებაზე ერთადერთ მოკავშირეს დაკარგავს, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მათი იძულება არ შეგვიძლია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობას სხვა საიმედო წყაროების მოძებნა დაავალა. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა წლის განმავლობაში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განახლებას დაასრულებს, რის შემდეგაც ნავთობის შეძენას საბოლოო გადამუშავებისთვის არამხოლოდ რუსეთისგან შეძლებს.
კომპენსაციის საკითხზე ბელარუსის პრეზიდენტი გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდა. 2019-2024 წლებში რუსეთი საექსპორტო ტარიფების ნულამდე შემცირებას გეგმავს. ბელორუსი კომპენსაციას ითხოვს, რადგან საგადასახადო მანევრით მინსკს რუსეთისგან ნავთობის შეძენა მომატებული ფასით მოუწევს, რის გამოც ექვს წელიწადში ბელარუსი 10 მილიარდ დოლარს იზარალებს.