ალექსანდრ ლუკაშენკო კიტ კელოგს შეხვდა - ნუთუ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი, ვისაუბროთ ბელარუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს შეხვედრას?
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა დამოუკიდებლობის სასახლეში დელეგაციის მონაწილეობით შედგა.
ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა საერთაშორისო პრობლემები და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია, რეგიონული თემატიკა და აშშ-ბელარუსის ურთიერთობები.
„მსოფლიოში დიდი ხმაური ატეხეთ თქვენი ჩამოსვლით. მაგრამ იცით, რა მაკვირვებს? ნუთუ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი და ვისაუბროთ ჩვენს საქმეებზე, ბელარუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე? გენერალო, ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ძალიან ვიმედოვნებ, ჩვენი საუბარი იქნება ძალიან გულწრფელი, ღია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს შეხვედრას?“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, კიტ კელოგმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ლიდერს მასპინძლობისა და შეხვედრისთვის.
„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საშიშ დროში, როდესაც შესაძლოა, მოხდეს ჩვენ წინაშე არსებული კრიზისების მკვეთრი ესკალაცია, გაფართოება, თუ არ ვიქნებით ბრძენები და სამართლიანები“, – ციტირებს კიტ კელოგის განცხადებას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“.