ალექსანდრ ლუკაშენკო - ცხადია, ბელარუსში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ჯგუფს ჰქონდა მიზანი, რომელიც უნდა დადგინდეს
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში 180-200 ადამიანის შეგზავნას აპირებდნენ, რათა დესტაბილიზაცია მოეხდინათ. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქმე ეხება ბელარუსში დაკავებულ რუსეთის 33 მოქალაქეს. ბელარუსის ხელისუფლება მათ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრებად მიიჩნევს და მასობრივი არეულობისა და ტერაქტების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.
„ყოჩაღ, თქვენ დაადგინეთ, რომ ეს იყო პირველი ჯგუფი. როგორც მე მესმის, ეს არის პირველი ჯგუფი 180-200 ადამიანიდან, რომელთა გადასროლაც იგეგმებოდა ბელარუსში. მე წავიკითხე ანგარიში და ეს ზუსტი მონაცემებია. ახლა რუსეთის მხრიდან კუდების დამალვა და იმის თქმა, რომ ამ ჯგუფის ჩამოსვლა ჩვენთან იყო შეთანხმებული, სრული სისულელეა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დაკავებაზე რუსეთიდან ხმამაღალი განცხადებები უკვე აღარ ისმის.
„ისინი უკვე აღარ ყვირიან, რომ ამ ბიჭებს სტამბოლში აგზავნიდნენ. არანაირი სტამბოლი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ცხადია, რომ ამ ჯგუფს სხვა მიზნები ჰქონდა. გამოძიების საქმე ამ მიზნების დადგენაა“, – თქვა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუსში რუსეთის სამხედროების ჩასვლის ნებართვის გაცემა მხოლოდ ბელარუსის პრეზიდენტს შეუძლია. ბელარუსის პრეზიდენტის განმარტებით, მინსკი მზადაა მოსკოვთან ამ საქმეზე ითანამშრომლოს და ამავე დროს, ძალოვან უწყებებს დაავალა, დაკავებული რუსების წინააღმდეგ მკაცრი ზომები არ მიიღონ.
„ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ არა იმდენად, რომ მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომები იყოს მიღებული. ისინი სამხედროები არიან. მათ უბრძანეს და შეასრულეს. საქმე უნდა მოვაგვაროთ მათთან, ვინც ბრძანება გასცა და ისინი აქ გამოგზავნა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.