ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენი კარი საქართველოსთან სათანამშრომლოდ ყოველთვის ღიაა
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენი კარი საქართველოსთან სათანამშრომლოდ ყოველთვის ღიაა

საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობებში ბოლო წლებში დიდი წინსვლაა, – ამის შესახებ თბილისში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებში დახურული თემები არ არსებობს.

„მინსკსა და თბილისს შორის ორი ათას კილომეტრიანი სხვაობაა. ეს დიდი მანძილი არ არის. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ. თქვენ დასავლეთში ევროპის ცენტრში ურთიერთობებისა და ვაჭრობისთვის მყარი ბაზა გაქვთ. თქვენთვის არასოდეს გვიღალატია, ჩვენი კარი საქართველოსთან სათანამშრომლოდ ყოველთვის ღიაა. მე, როგორც მოქალაქეს და ჩემი ქვეყნის მეთაურს ძალიან მინდა საქართველოში სიმშვიდე იყოს, ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს იმიტომ, რომ ასეთი პატივისცემის ღირსია. ძალიან ძველი ერია და ყოველთვის მზად ვართ დახმარების და მეგობრობის ხელი გაგიწოდოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„პრეზიდენტს და საქართველოს ასეთი გულთბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი. ეს ქართველი ხალხის სისხლშია და სხვებისგან ამით განსხვავდებით.

ბოლო წლებში ურთიერთობებში დიდი წინსვლა განვიცადეთ.  თქვენ გახსნილები ხართ და ჩვენი ურთიერთობების შესახებ ღიად საუბრობთ. ჩვენ დღეს ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ. შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ურთიერთობის მაღალ დონეს მივაღწიეთ და ეს მზარდი ტემპია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, დღეს გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი და შეთანხმება. ლუკაშენკომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„მაგალითად, მანქანათმშენებლობაში პროექტები ორივე მხარისთვის მომგებიანია. ბელარუსს სამგზავრო ავტობუსების, სპეციალური და სახანძრო ტექნიკის მოწოდება შეუძლია. თბილისში პირველი ერთობლივი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ლიფტებს აწყობს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია თანამშრომლობა და დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე, ბელარუსის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კადრების მომზადების მხრივ.

„საქართველოს მხარემ ბელარუსს მომართა, როდესაც საქართველოს ნაწილში ხანძარი მძვინვარებდა. ბელარუსი ქართულ მხარეს დაეხმარა და მგონი, ამ მხრივ, პრეტენზიები არ უნდა გქონდეთ. ჩვენ აქ, როგორც საკუთარ სახლში ისე ჩამოვედით, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში დაგხმარებოდით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელორუსის პრეზიდენტი თბილისში, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.