ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსს არ სურს პოლონეთთან კონფრონტაცია, თუმცა მოუწოდებს ევროკავშირს, 2 000 მიგრანტი შეიფაროს
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსს არ სურს პოლონეთთან კონფრონტაცია, თუმცა მოუწოდებს ევროკავშირს, 2 000 მიგრანტი შეიფაროს

ბელარუსს არ სურს პოლონეთთან კონფრონტაცია, თუმცა მოუწოდებს ევროკავშირს, 2 000 მიგრანტი შეიფაროს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ჩვენ უნდა მივიდეთ პოლონელებთან, ყველა პოლონელთან და ვაჩვენოთ, რომ ბარბაროსები არ ვართ და კონფრონტაცია არ გვსურს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ თუ ზედმეტად შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან ერთად, ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2 000 მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან პასუხს ელოდება.

„ველოდები პასუხს ევროკავშირისგან. ისინი პრობლემას არც კი უყურებენ. მერკელი დამპირდა კონტაქტებს და ისინი არც კი გვიკავშირდებიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ევროკავშირი ბელარუსს მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ლუკაშენკო ამ გზით პასუხობს ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მიგრაციული კრიზისის გამო ბელარუსთან ურთიერთობების უკიდურესი გამწვავება არ გამორიცხა. მისი თქმით, ბელარუსი მესაზღვრეები კვლავ ეხმარებიან მიგრანტებს პოლონეთის საზღვრებთან მისვლაში. მანამდე პოლონეთის მთავრობა დაიმუქრა, რომ თუ ბელარუსის საზღვარზე ვითარება არ გამოსწორდება, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება.