ალექსანდრ ჯიკიჩი - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან საკალათბურთო ომი გველის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი 93:61 დაამარცხა და ევრობასკეტის პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა კვიპროსელებს მონდომება დაუფასა და მომავალ მეტოქეზე, ბოსნიის ნაკრებზე ისაუბრა:
„კვიპროსს მებრძოლი გუნდი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან. ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს. კარგად ვისროლეთ სამქულიანები. როდესაც პერიმეტრიდან ბევრ ქულას აგროვებ, თამაში კიდევ უფრო იოლდება, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, რადგან მაღალი შემადგენლობა გვყავს.
კვიპროსთან ბევრი სამქულიანი ჩავაგდეთ. ასევე კარგად ტყორცნის პერიმეტრიდან ბოსნია და მაღალი დონის წინახაზელები ჰყავს. ასე რომ, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა, „ძაღლების ბრძოლას“ ველით. ბოსნიელები გამოვლენ ყველაფრით, რაც გააჩნიათ, ჩვენც გავიღებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ძალიან მძიმე თამაშს ველით. ეს იქნება საკალათბურთო ომი“.