ალექსანდრ გრუშკო - ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში მოსკოვი მოითხოვს რკინაბეტონის გარანტიებს, რაც გულისხმობს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და მის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმას
ალექსანდრ გრუშკო - ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში მოსკოვი მოითხოვს რკინაბეტონის გარანტიებს, რაც გულისხმობს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და მის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმას

ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში მოსკოვი მოითხოვს რკინაბეტონის გარანტიებს, რაც გულისხმობს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და მის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ვისაუბრებთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მას ექნება გარე კონტური. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს უსაფრთხოების რკინაბეტონის გარანტიები, რადგან მხოლოდ მათი ჩამოყალიბებით შესაძლებელი იქნება უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა და, ზოგადად, რეგიონული უსაფრთხოების გამყარება. ამ გარანტიების ნაწილი უნდა გახდეს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ნატო-ს ქვეყნების უარი, მიიღონ ის ალიანსის წევრად. სწორედ ეს დებულება იყო დაფიქსირებული შეთანხმებების პროექტებში. რაც შეეხება განხილვებს, ისინი დღეს არ იმართება, რადგან მოლაპარაკებები არ არის“, – თქვა გრუშკომ.

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების მშვიდობისმყოფელების განთავსება, რა ეგიდითაც არ უნდა იყოს – იქნება ეს ევროკავშირის, ნატო-სა თუ ცალკეული ქვეყნების სახელით.

„მშვიდობისმყოფელობა და ნატო ურთიერთშეუთავსებელი საკითხებია“, – თქვა გრუშკომ.

მან არ გამორიცხა უიარაღო დამკვირვებლების, სამოქალაქო მისიების განთავსება შეთანხმების აღსრულების მონიტორინგისთვის. თუმცა გრუშკომ შეთანხმების მიღწევამდე ნებისმიერ სამშვიდობო მისიებზე საუბარს ნაადრევი უწოდა.