ალექსანდერ სტუბი - უკრაინამ, შესაძლოა, დაარწმუნოს აშშ, რომ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა ნატო-ში ავტომატური მიღების იდეა
ალექსანდერ სტუბი - უკრაინამ, შესაძლოა, დაარწმუნოს აშშ, რომ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა ნატო-ში ავტომატური მიღების იდეა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი მისაღები გარანტია, რომლის მიღებაზეც, შესაძლოა, აშშ-ის ადმინისტრაცია კიევმა დაარწმუნოს, არის რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში ნატო-ში ავტომატური მიღების იდეა.

ამის შესახებ ალექსანდერ სტუბმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში უკრაინას გაუჭირდება გახდეს ნატო-ს წევრი, რადგან აშშ და გერმანია სკეპტიკურად არიან განწყობილნი. რატომ არ ვთავაზობთ უკრაინას დე ფაქტო წევრობას? როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება და სამშვიდობო შეთანხმებები დაიდება – თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებებს, დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, თავს დაესხმება უკრაინას, უკრაინა ავტომატურად გახდება ნატო-ს წევრი. ვფიქრობ, ეს იქნება უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გარანტია“, – აღნიშნა სტუბმა.

ამასთან, სტუბი გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირი შეძლებს შეთანხმებას რუსული გაყინული აქტივების, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის გამოყენების თაობაზე.