ალექსანდერ სტუბი – ფინეთი შუამავლის როლს არ ასრულებს, მაგრამ 100%-ით უჭერს მხარს უკრაინას, ეს გზავნილი პრეზიდენტ პუტინსაც გადავეცით
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბი უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი შუა საუკუნეების სლავური ისტორიის მოყოლას დაუთმო. ამის შესახებ სტუბმა ფინურ ტელეარხს განუცხადა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ცრუ ინფორმაციაა“, — თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ საუბრის დროს პუტინმა გამოთქვა თავისი შეხედულებები 2014 წლის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე — ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომზე. სტუბის თქმით, ფინეთი მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის როლს არ ასრულებს, მაგრამ ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას.
„ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი შეხედულებები სტამბოლის მოლაპარაკებებზე, რომელიც 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაიმართა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფინეთი შუამავლის როლს არ ასრულებს, მაგრამ 100%-ით უჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ ეს გზავნილი პრეზიდენტ პუტინსაც გადავეცით“, — აღნიშნა მან.
ამასთან, სტუბის თქმით, 27 ოქტომბერს მან, ზელენსკის თხოვნით, პუტინს ორი შეტყობინება გადასცა: ერთი უკრაინის მზადყოფნის შესახებ რუსეთთან ორმხრივი შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე, ხოლო მეორე კიევის მიერ შემოთავაზებული დეესკალაციის ზომების შესახებ.
„პირველ რიგში, ზელენსკის სურს, ორმხრივი საუბარი გამართოს პრეზიდენტ პუტინთან და განიხილოს, კერძოდ, ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოება; მეორე, დისკუსია კონკრეტულად ეხებოდა ე.წ. დეესკალაციის ზომებს, ანუ იმისთვის, რომ შევძლოთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა და ენერგეტიკული ობიექტები, სურსათის უვნებლობა, პატიმრების გაცვლა და, ზოგადად, ინფრასტრუქტურა“, — განაცხადა ალექსანდერ სტუბმა.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან. სტუბის თქმით, განხილვა „გულწრფელი და საქმიანი“ იყო.