ალექსანდერ მირონენკო - ქართველი ხალხი არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც ჩვენი კომპანია გათვლას აკეთებს
საქართველოს აქვს გამჭვირვალე კანონმდებლობა და სტაბილური, მარტივი საგადასახადო სისტემა, თუმცა ქართველი ხალხი არის ის მთავარი ფაქტორი, რაზეც უცხოური კომპანია გათვლას აკეთებს, – ამის შესახებ კომპანია „მაჯორელ საქართველოს“ დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო სტრატეგია განიხილეს, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოსთვის არატრადიციულ სექტორებში გეგმავს. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველოში უკვე წარმატებით მოქმედებს კომპანია „მაჯორელ საქართველო“, რომელიც ე.წ. აუთსორსინგის სერვისების სექტორში მოღვაწეობს და მომსახურებას მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ბრენდებს საქართველოდან უწევს. აღნიშნულია კომაპნია საქართველოში სამი წლის წინ შემოვიდა და უკვე 1 200 ადამიანს ასაქმებს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან აქცენტს ე.წ. აუთსორსინგის მიმართულების განვითარებაზე აკეთებს, რადგან მსოფლიოში მომსახურების ინდუსტრიის განვითარების ტენდენცია გააქტიურდა. აუთსორსინგი კომპანიის მიერ სხვა კომპანიის დაქირავებას ნიშნავს გარკვეული სერვისების მიღების მიზნით. თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიების დაქირავება და სააგენტოს საინვესტიციო გეგმაც სწორედ საქართველოდან უცხოური კომპანიებისთვის მომსახურების გაწევაზე კეთდება.
დისკუსიის დროს გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, რით მოიზიდა საქართველომ კომპანია „მაჯორელი“. მირონენეკოს განმარტებით, საქართველოს ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით აქვს კარგი საკანონმდებლო და საგადასახადო გარემო და რაც მთავარია, ჰყავს ძალიან კარგი მუშახელი.
„დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს იყო გამჭვირვალობა, რაც სახელმწიფომ უზრუნველყო. ჩვენ სახელმწიფოსგან არ ვითხოვდით დახმარებას, ჩვენ ვითხოვდით საგადასახადო კანონმდებლობის ნათელ ხედვას. კანონმდებლობა მყარი იყო, რომლის ნდობაც შეიძლებოდა. საგადასახადო სისტემა მარტივია და არ იცვლება. საიდუმლო არ არის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს მიმართულებები სტაბილური არ არის, ჩვენ კი აქ სტაბილურობა და ნაკლები ბიუროკრატიით მივიღეთ, რათა ბაზარზე შემოვსულიყავით და მუშაობა გაგვეგრძელებინა. მაგრამ ყველაზე ბრწყინვალე მაინც ადამიანები გახლდათ. სანამ პირველ 20-30 ადამიანს არ აიყვან სამსახურში ვერ მიხვდები, ვისთან გაქვს საქმე. მაგრამ როცა პირველად შეიცნობ ქართველ თანაშრომლებს, მიხვდები, რომ ეს არის ნამდვილი საგანძური. მთავრობა ბევრი რამით გვეხმარება, პირველ რიგში გამჭვირვალობით და ა.შ. მაგრამ ქართველი ხალხი არის ის ძირითადი ფაქტორი, რაზეც გათვლებს ვაკეთებთ“, – განუცხადა ალექსანდერ მირონენკომ „ბიზნესპარტნიორს“.