ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღეში თუ ახალი მთავრობა ვერ აირჩიეს, სერბეთში, შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღეში თუ ახალი მთავრობა ვერ აირჩიეს, სერბეთში, შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღეში თუ ახალი მთავრობა ვერ შედგება, ქვეყანაში, შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ პროცედურა ასეთია: ჯერ მისი გადადგომა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ იწყება 30-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ახალი მთავრობა უნდა აირჩეს. ეს თუ ვერ მოხერხდა, დაუყოვნებლივ გამოცხადდება არჩევნები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და მთავრობამ სტუდენტების ყველა მოთხოვნა შეასრულა.

„ჩვენ სრულად შევასრულეთ სტუდენტების ყველა მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ იყო. გამოვყავით დიდი თანხები პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. ზოგ შემთხვევაში ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოდაც კი წავედით და თანხმობა განვაცხადეთ პირების გათავისუფლებაზე, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთში საპროტესტო აქციები, უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს.