ალეკსანდრ ხაცკევიჩი - რუსები უკრაინის გასანადგურებლად ჩამოვიდნენ, ეს ფაშიზმზე უარესია #1TVSPORT
კიევის „დინამოსა“ და ბელარუსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდრ ხაცკევიჩმა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მუშაობდა, პუტინის არმიის სისასტიკეზე ისაუბრა.
„4 აპრილის შემდეგ, როდესაც ბუჩა გაათავისუფლეს, ყველაფერი ისევ შეიცვალა. დიახ, მათ ესმოდათ, რომ რუსეთი მტერია, რომელიც ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას, მაგრამ რაც კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში მოხდა, ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა …
ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები ომის დასაწყისში ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, უკრაინაში საომრად თუ მიჰყავდათ. თუმცა ახლა გასაგებია, რომ ისინი უკრაინაში ერის გასანადგურებლად ჩამოვიდნენ. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, მათ არ სჭირდებოდათ ქალაქების აღება ან ტერიტორიების დაპყრობა, ისინი მოვიდნენ, რათა გაენადგურებინათ უკრაინელი ხალხი, უბრალო ხალხი – ბავშვები, მოხუცები, კაცები, ქალები, ვისაც წააწყდნენ. ისინი ომობენ მშვიდობიან მოსახლეობასთან, ისინი არ ებრძვიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ეს ხალხი არ არის – უბრალოდ ადამიანის სახე აქვთ. ასე ახლა რუსებს აღიქვამს არა მხოლოდ ყველა უკრაინელი, არამედ – მთელი მსოფლიო. მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, რა არის რუსეთი და რა არის უკრაინა. მეჩვენება, რომ რასაც რუსეთი აკეთებს ახლა, 21-ე საუკუნეში, ფაშიზმზე უარესია.
მე მესმის მხოლოდ ერთი რამ: ეს ყველაფერი არ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ მოხდა. გასაგებია, ვის სჭირდება ეს – კრემლში თუ ბუნკერში მყოფ ურჩხულსა და მის თანამზრახველებს, რომლებიც ლამაზ გამოწყობილები დადიან, მაგრამ შინაგანად არარაობები არიან – ყველა დანარჩენი, ვინც ამ ბრძანებებს ასრულებს, უბრალოდ ვითარებას გონივრულად ვერ აფასებს. მათ არ ესმით, რომ ხალხს ებრძვიან, რომ არიან დამპყრობლები და ეს ხალხი იცავს თავის ქვეყანას და ამისთვის თავს სწირავენ. რუსები მხოლოდ გასაძარცვად და მოსაკლავად მოვიდნენ. ამბობდნენ – „რუსეთს გონებით ვერ გაუგებო“. ახლა მისი არათუ არ ესმით, არამედ მთელ მსოფლიოს სძულს“, – განაცხადა ხაცკევიჩმა „ნაშა ნივასთან“ ინტერვიუში, სადაც ბელორუსის დიქტატორს, ლუკაშენკოს უკრაინის ომის თანამონაწილე კოლმეურნეობის თავმჯდომარე უწოდა.