ალეკო ელისშვილი - ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო, მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე
ალეკო ელისშვილი - ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო, მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოდან ზურაბ ჯაფარიძის გასვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ქმედება გასაკვირი არაა.

„ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მათი უმეტესი ნაწილი შეცდომაა ხოლმე. ამ კითხვის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ჩვენ პარლამენტში მემორანდუმით შემოვედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანოდან გასვლა ძალიან ნაჩქარევი იქნება. ზურაბ ჯაფარიძის გასვლაც ნაჩქარევია. ერთადერთი გამოსავალია – თვითმმართველობის არჩევნები რომ ჩატარდება, მოსახლეობამ მხარი არ უნდა დაუჭიროს არც ერთ მავნებელ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ვიდრე ეს ორი პარტია იქნება ძირითადი მოთამაშე, ვიქნებით თავჩაქინდრულები და ასეთი შეურაცხყოფილები, მათ ქვეყანა არ ადარდებეთ, იდენტური ქცევები აქვთ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, შემდეგ ნუღარ გვიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა. ერთსაც და მეორესაც ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა. პარლამენტიდან გასვლის იდეა არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს – „აი გამოდით“ და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს, ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? მერე რა მოხდება?“, – გნაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.