ალეკო ელისაშვილი - დაეყენებინათ მერობის კანდიდატად თბილისში ბადრი ჯაფარიძე და არა ნიკა მელია, ვერ დათმეს, ჰოდა, ამ სიხარბემ ხალხი დატოვა სახლში
ალეკო ელისაშვილი - დაეყენებინათ მერობის კანდიდატად თბილისში ბადრი ჯაფარიძე და არა ნიკა მელია, ვერ დათმეს, ჰოდა, ამ სიხარბემ ხალხი დატოვა სახლში

მთელი ეს წლებია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოძრავებს ზიზღი, სიძულვილი, ძალაუფლებაში დაბრუნების და რევანშიზმის დაუოკებელი სურვილი. ამ ხნის მანძილზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა  გულწრფელად მოენანიებინათ სისაძაგლეები, რაც ჩაიდინეს და გამხდარიყვნენ თანამედროვე, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ძალა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მასობრივად არ მივიდა არჩევნებზე ხალხი.

„კაი, უფრო ვრცლად და უფრო სერიოზულად დავწერ, რატომ წააგო კიდევ ერთხელ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რატომ ვერ მოუგებს ის ვერასოდეს „ქართულ ოცნებას“ თუ ისევ ისე დარჩა ყველაფერი როგორც არის. ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ მთელი ეს წლებია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოძრავებს ზიზღი, სიძულვილი, ძალაუფლებაში დაბრუნების და რევანშიზმის დაუოკებელი სურვილი. ამ ხნის მანძილზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა (მით უფრო ახალი ლიდერების გამოჩენის ფონზე) გულწრფელად მოენანიებინათ სისაძაგლეები, რაც ჩაიდინეს და გამხდარიყვნენ თანამედროვე, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ძალა. დისციპლინა და ორგანიზებულობა ისედაც თავზე საყრელი აქვთ, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ყველანი არიან სააკაშვილზე აბსოლუტურად დამოკიდებუილები. „ოცნებას“ კი ივანიშვილის მონებს ეძახიან, მაგრამ არც თვითონაც ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვთ შიგნით. სააკაშვილზე არ ვილაპარაკებ მეტს, ციხეშია და თან შიმშილობს და არ მინდა მასზე კიდევ რამე ვთქვა. ჰოდა, რატომ წააგო ახლა ყველა დიდი ქალაქი „ნაცმოძრაობამ“ და რატომ მოიგო წალენჯიხა?! ციცო დეიდებზე და უბნის ძველ ბიჭებზე გადაბრალება არის სისულელე. ერთიც გამოიყენა „ოცნებამ“, მეორეც და კიდევ ბევრი რამ ტრადიციული წინასაარჩევნო სისაძაგლე (სხვათაშორის „ნაცმოძრაობის“ აწყობილი სქემაა), მაგრამ მაგ ყველაფერს აქვს ზღვარი და ლიმიტი. სულ რამდენიმე პროცენტია მისი მასშტაბი“, – აცხადებს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2012 წელს არჩევნების ბედი ხალხის ენთუზიაზმმა გადაწყვიტა და არა იმან, რომ კარგი არჩევნები ჩატარდა.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ხალხი არ მივიდა მასობრივად არჩევნებზე. ნახევარი ამომრჩეველი დარჩა სახლში. 50 პროცენტიდან ათი რომ მისულიყო არჩევნებზე, ვერანაირი სუსი, ციცო დეიდა და სასაცილო ძველი ბიჭები ვერ უშველიდნენ „ოცნებას“. რატომ დარჩა ხალხი სახლში? ესაა მთავარი კითხვა. რატომ ვერ აანთო ხალხი „ნაცმოძრაობამ“? იმიტომ, რომ ყველა გრძნობს რევანშიზმს. არანაირი პოზიტივი, არანაირი განვითარების ხედვა. უბრალოდ ხელისუფლების ჩაგდების სურვილი. და თან სიხარბე – მაგალითად, დაეყენებინათ თბილისში ვთქვათ, ბადრი ჯაფარიძე და არა ნიკა მელია მერობის კანდიდატად? ვერ დათმეს. ჰოდა, ამ სიხარბემ ხალხი დატოვა სახლში. წალენჯიხაში კიდევ მოხდა ის რომ ხალხი მასობრივად მივიდა არჩევნებზე, ოპოზიციური ელექტორატი არ დარჩა სახლში. ჰოდა, ამიტომაც ციცო დეიდების და იქაური ჩაცუცქულების ლიმიტი ოცნების მოგებას არ ეყო. 2012 წელს არჩევნების ბედი ხალხის ენთუზიაზმმა გადაწყვიტა და არა იმან რომ კარგი არჩევნები ჩატარდა. ვერანაირმა გაყალბებამ ვერ უშველა მაშინ ნაციონალებს. ცვლილებები საჭიროა – აუცილებელია. „ოცნებამ“ დააჭაობა ქვეყანა – კი, ზასტოია ქვეყანაში – კი, მაგრამ ეს აუცილებელი ცვლილებები არ მოხდება, სანამ აქეთ ქვეყნის დამჭაობებელი „ოცნებაა“ და იქით მთავარი მისი მეტოქე ზიზღით შეპყრობილი „ნაცმოძრაობა“. ვიქნებით ასე 2035 წლამდე, სულ მცირე. გამოსავალი ისაა, რომ არა ნაც-ქოცმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩვენი ამბიციები უკან გადავდოთ. საკუთარი თავებიც გავიძლიეროთ და საერთო ფრონტის გაძლიერებაზეც ვიფიქროთ. წაიღებთ ახლა ამა ვრცელ სტატუსს დაგეშილი მედიები სრულად? შენც არ მომიკვდე“, – განაცხადა ელისაშვილმა.