ალეკო ელისაშვილი - ვარჰეის მოწოდებაზე ოპოზიციის იმ ნაწილიდან, რომელიც შატალოზეა, პასუხი არ ყოფილა, გვითხრეს, თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთო, ვისაც სმენა და აზროვნების უნარი აქვს, უნდა მიხვდეს, რაზეა საუბარი
ალეკო ელისაშვილი - ვარჰეის მოწოდებაზე ოპოზიციის იმ ნაწილიდან, რომელიც შატალოზეა, პასუხი არ ყოფილა, გვითხრეს, თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთო, ვისაც სმენა და აზროვნების უნარი აქვს, უნდა მიხვდეს, რაზეა საუბარი

ოპოზიციის მიმართ მოწოდებაზე ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც შატალოზეა და სამუშაო ჯგუფებზე არ დადის, პასუხი არ ყოფილა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ვისაც ორი ყური, სმენა და აზროვნების უნარი აქვს, უნდა მიხვდეს, რაზეა საუბარი“.

„ოპოზიციის მიმართ მოწოდებაზე ვარჰეისთან შეხვედრაზე ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც შატალოზეა და ამ სამუშაო ჯგუფებზე არ დადის, პასუხი არ ყოფილა. პირდაპირ ასე გვითხრეს, რომ თქვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესშიო. ვისაც ორი ყური, სმენა და აზროვნების უნარი აქვს, უნდა მიხვდეს, რაზეა საუბარი. ამაზე გაჭრილი ტექსტით რაღა გვითხრან. ჩვენ რაც შეგვეხება, მე და ლევანი ორნი ვართ და ორ-ორჯერ ვერ შევალთ სამუშაო ჯგუფში სხვის მაგივრად. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, თორემ სხვის და ყველას მაგივრადაც შევიდოდით, იმდენად მნიშვნელოვან ეტაპზეა საქართველო. დავინახავთ ვინმემ გაიგო და შეისმინა თუ არა ეს მოწოდება, რომელიც ძალიან მკაფიოა, არანაირი ორაზროვანი დათქმა იქ ხომ არ არის, ან ნაწილი შედით და ნაწილი არ შეხვიდეთ, ან რიგრიგობით იარეთო. გვითხრეს, ყველა შედით და იმუშავეთო“, – განაცხადა ელისაშვილმა.