ალეკო ელისაშვილი - ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არასდროს მივალ, კარგად დაითვალოს, რამდენი კაცი მივა მის დაძახილზე
ალეკო ელისაშვილი - ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არასდროს მივალ, კარგად დაითვალოს, რამდენი კაცი მივა მის დაძახილზე

ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არასდროს მივალ. არც ვყოფილვარ და არც მისვლას ვაპირებ, გინდა 9 აპრილს დააანონსოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არც ხალხი გავა ქუჩაში, რადგან არავინ მოტყუვდება.

„ვისურვებდი და ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი ვიქნებოდი, პარლამენტში სასამართლო რეფორმის განხილვა როცა იქნება, ხალხი იყოს ქუჩაში, გარეთაც დუღილი იყოს და შიგნითაც. მერე გავტეხთ „ქართულ ოცნებას“ და სათითაოდ შევასრულებინებთ ყველა პუნქტს. ქუჩაში ხალხის სწორი მობილიზაცია თუ იქნება, ოპოზიციის სწორი მობილიზაცია პარლამენტში, ვაიძულებთ, არაფერი შეუძლებელი არაა. გაიხსენეთ, სამ დღეში გააცუნცულეს თავისივე კანონპროექტი. უნდა დავიჯეროთ, რომ ეს შეგვიძლია და სწორად გავაკეთოთ, მაგრამ აგერ გამოხტებიან ვანო მერაბიშვილები და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურთ. მერაბიშვილს ჰგონია, მაგან გამოიყვანა ხალხი, მაგის დაძახილზე იყვნენ გამოსული. ხომ დაიძახა, ქუჩაში გამოდითო, კარგად დაითვალოს. გინდა დრონი აფრინოს და გინდა თვალებში ჩახედოს, კარგად დააკვირდეს, რამდენი კაცი მივა მაგის დაძახილზე. არავინ მოტყუვდება, მით უმეტეს, მოდის მშვენიერი თაობა, რომელსაც ვერც ვანო მერაბიშვილი გამოულაყებს ტვინს, ვერც ელისაშვილი და ვერც ვერავინ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.