ალეკო ელისაშვილი - ვაჩვენეთ, რომ ვართ პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს
ალეკო ელისაშვილი - ვაჩვენეთ, რომ ვართ პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს

დღეს, ჩემი თავისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ნიშნის მოგებით არ ვილაპარაკო, მაგრამ გეუბნებით, სულ ტყუილუბრალოდ გაგვლანძღეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ეს ასეა, მაგრამ არ ვნანობ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე და საკუთარი სინდისის კარნახით. დღეს ხომ ყველა დარწმუნდა, რომ მართლები ვიყავით?! ჩვენ ვიცოდით, რომ მართლები ვიყავით. გაყალბებას ვერ ვამტკიცებდით, მერე ოდირმა საერთოდ დასკვნა დადო, რომ არ გაყალბებულაო. ამას გარდა, ქუჩაში დგომისა და უაზროდ გაჭიანურებული ბოიკოტის უპერსპექტივობას ვხედავდით. ოპოზიციის შიგნით, „ლელოში“ ვსვამდით ამ შეკითხვებს და ზუსტად ისე მოხდა, როგორც მოვლენები განვითარდა“, – განაცხადა ელისაშვილმა. 

მისი თქმით, ოპოზიციას ბოიკოტის გასამართლებლად ორი არგუმენტი ჰქონდა, რომელიც ძალიან არასერიოზული იყო.

„ვეუბნებოდით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის სასარგებლო რაღაცები წავგლიჯოთ, პარლამენტში შევიდეთ, იქ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ ხალხისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადოთ-მეთქი. ვკითხულობდით, სხვა შემთხვევაში რა ხდება, ქუჩაში დგომით როგორ მოვუგებთ „ოცნებას“-მეთქი და დღეს კიდევ უფრო მეშლება ნერვები, მათ სასაცილო არგუმენტებს რომ კიდევ უფრო ძლიერად არ დავუპირისპირდით. იცით, რა იყო ეს ორი არგუმენტი? – ერთი, რომ აშშ-ში ხელისუფლება რომ შეიცვლება, ბაიდენის ადმინისტრაცია ოპოზიციას დაეხმარება, „ქართულ ოცნებას“ გაუშვებს და ჩვენ მოვალთო. ამაზე ხომ გეცინებათ? არადა, სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ. გამაოგნებელი ისაა, რომ ამ ზღაპარს ოპოზიციის დიდი ნაწილი აჰყვა. რომ მოვუსმინეთ, არ გვჯეროდა, რომ სერიოზულად გველაპარაკებოდნენ, თან, ის ხალხი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ გაქანებით ჩერჩილზე ნაკლებები არ არიან. მეორე არგუმენტი ის ჰქონდათ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და „ქართულ ოცნებას“ გაყრისო. ძალიან მარტივ კითხვას ვსვამდით, თუ ბაიდენი მხარს არ დაგვიჭერს და ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მერე რა ხდება-მეთქი და სინამდვილეშიც ხომ ასე მოხდა?!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.