ალეკო ელისაშვილი - უკრაინული მხარე იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, თუმცა უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე
ალეკო ელისაშვილი - უკრაინული მხარე იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, თუმცა უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე

უკრაინული მხარე იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, რადგან ქვეყანა გასაჭირშია და იარაღი სჭირდებათ, თუმცა უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის რამდენადაც მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა.

„ასეთი განცხადებები არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და უნდა, უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს. ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს და ურთიერთობის გაჯანსება დავიწყოთ. კასიანოვმა ცარიელ ადგილზე წყლის ამღვრევა განაახლა. კასიანოვის საქმე არ არის, საქართველოს ფრენები ვისთან ექნება, ჩვენ სამხედრო აღჭურვილობას ვის გადავცემთ და ვის – არა. ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია ისევე, როგორც ის ურთიერთობა, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.