ალეკო ელისაშვილი - „თავდაცვის კოდექსს“ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე, პრინციპების დონეზე ვიზიარებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ რისი „ქართული ოცნებაა“, თუ ყველაფერი არ წაახდინა
„თავდაცვის კოდექსს“ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე, რადგან პრინციპების დონეზე ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ რეზერვი აბსოლუტურად სხვაგვარად ორგანიზებული უნდა იყოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით უნდა იყოს და ყველა სამხედრო მომზადებას უნდა გადიოდეს.
„ამას ვეთანხმები, მაგრამ „ქართული ოცნება“ რისი „ქართული ოცნებაა“, თუ ყველაფერი არ წაახდინა? ჩემთვის გაუგებარია, 2025 წლის პირველი იანვრიდან რატომ იწყება გაწვევა, თუ შეგვიძლია, რომ ახლა დავიწყოთ? მაშინ ახლა მოქმედ სისტემას რატომ არ აჩერებენ, რომელიც მავნებლური სისტემაა? უკეთესი რეზერვი თუ გვინდა, მაშინ მოქმედი უნდა შეჩერდეს და ჯანსაღად გავიწვიოთ. თან უნდათ, ეს არ შეაჩერონ და ბავშვები აწვალონ, როგორც პარლამენტის ჭიშკრებთან აწვალებენ წვევამდელებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.