ალეკო ელისაშვილი - სირცხვილია, რაც სააკაშვილმა ილაპარაკა, არანაირი დასკვნები არ გამოუტანია, რაც მთავარია, მისი მხარდამჭერები ხომ არიან ბედნიერი
გუშინ სააკაშვილმა გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა მას არ განუცდია; არანაირი დასკვნები საკუთარი მმართველობიდან არ გამოუტანია და არანაირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, გუშინ სააკაშვილს ჰქონდა შანსი, პოლიტიკურად და ადამიანურად გაცილებით ღირსეულად წარმდგარიყო ქვეყნის წინაშე, მაგრამ წარდგა ისევ ის სააკაშვილი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას გაიძახოდა.
„არავინ უარყოფს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი იყო. სახელმწიფო ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ინსტიტუციურად ედუარდ შევარდნაძემ და ის მოდერნიზატორი იყო, ახლა რაღაცებს ზედმეტად ნუ იბრალებს, ნუ იბრალებს დავით აღმაშენებლობას. იყო ძალიან ეფექტური რეფორმატორი, მაგრამ ასევე ჩაიდინა ჯოჯოხეთური რაღაცები. ელემენტარული სინანული მაინც უნდა გქონდეს შენ მიერ ჩადენილი ჯოჯოხეთური რაღაცების გამო. როდესაც გამოდიხარ და ამბობ, სანდრო გირგვლიანის საკითხი არ არსებობდა და ეს პიარულად მოგონილიაო, ამას როგორ კადრულობ ამ დროის შემდეგ, ეს ჩემთვის გამაოგნებელია და ვანო მერაბიშვილს, რომ აწმენდს ხელებს. ეს მისი ჩვეული წესია, რომ მეგის ქარდავას არ იცნობს, ახალაიები ორჯერ ჰყავს ნანახი თურმე და ტელევიზორიდან ვუყურებდი 7 ნოემბერსო. სირცხვილია, რაც ილაპარაკა. გუშინ შანსი ჰქონდა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად გაცილებით ღირსეულად წარმდგარიყო ქვეყნის წინაშე. მაგრამ წარდგა ისევ ის სააკაშვილი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას გაიძახოდა; რომელიც იძახდა, რომ ტყვიები არ გვენანება. თურმე 7 ნოემბერს ვეღარც ქურდებმა გამოგვიყვანეს გარეთ და თურმე მიტინგზე იმიტომ გამოვსულვარ და მთელი დღე იმიტომ მირტყამდა თურმე სააკაშვილის პოლიცია, რომ პატარკაციშვილი მინდოდა, პრეზიდენტი გამხდარიყო. ის დასკვნაც ვერ გამოიტანა, რომ ხალხი უსამართლობას არ ეგუებოდა. გირგვლიანთან დაკავშირებით რაც ჩაიდინა მთელმა ხელისუფლებამ და სტრასბურგის სასმართლო პირდაპირ, რომ წერს, რომ გაოგნებული ვართ, ისე ორგანიზებულად აყალბებდა მთელი ხელისუფლებაო. ამან გამოიყვანა და არა იმან, რომ პატარკაციშვილი მინდოდა და ვიღაც ქურდმაისოიანმა დამირეკა, გამოდიო. დასკვნა ვერ გამოიტანა, მისი მხარდამჭერები ხომ არიან ბედნიერი, რაც მთავარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.