ალეკო ელისაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ანდრეი კასიანოვს თავის თავზე აქვს აღებული მისია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭოს
ალეკო ელისაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ანდრეი კასიანოვს თავის თავზე აქვს აღებული მისია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭოს

ძალიან გულდასაწყვეტია კასიანოვის მოქმედებები, პოზიცია და განცხადებები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კასიანოვს თავის თავზე აქვს აღებული მისია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, იგონებს თემებს, რითი შეიძლება, ცეცხლზე ნავთი კიდევ უფრო დაასხას უკრაინასა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კასიანოვის საქმიანობა მავნებლობაა და დიპლომატი ასე არ უნდა იქცეოდეს.

„მისი საქმიანობა მავნებლობაა და, ჩემი აზრით, დიპლომატი ასე არ უნდა იქცეოდეს. მით უმეტეს, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატი, თუ მას გულწრფელად უნდა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალური გახდეს და დაბრუნდეს 24 თებერვლის წერტილამდე. კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. „ბუკით“ დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის უკრაინელ ბავშვებთან მაქვს შეხება და ისინი ბედნიერები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს. უკრაინიდან ობოლი ბავშვები საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ამერიკელებმა გამოიყვანეს და საქართველოში შემოიყვანეს, თბილისში ცხოვრობენ და მათ თავს ევლება ყველა. ამ ფონზე კასიანოვი მსგავს საზიზღრობებს იძახის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, ანდრეი კასიანოვი გამოცვალონ.

„უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და წაიყვანონ, ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს და რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარხდება, ასეთ საქმეს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა, ამის გამო ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა? მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, რომ ევაკუაცია უნდა მოხდეს, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო. ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და განმარტოს, მისი განცხადებები რას ემსახურება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს. მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყბეაში დაიბარეს.