ალეკო ელისაშვილი - შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს, არჩილ თალაკვაძესთან სამი თვე ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ როგორც მერი, ძალიან სუსტი იქნება
ალეკო ელისაშვილი - შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს, არჩილ თალაკვაძესთან სამი თვე ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ როგორც მერი, ძალიან სუსტი იქნება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე როდესაც ვიყავი, არჩილ თალაკვაძესთან სამი თვე მომიწია მუშაობა, მაშინ მისი საქმიანობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ როგორც მერი, ჩემი აზრით, თალაკვაძე ძალიან სუსტი იქნება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა თემაზე კომენტარისას განაცხადა.

„პარლამენტში შემოსვლამდე თალაკვაესთან ერთადერთხელ მქონდა შეხება. როდესაც მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ის სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო. სამედიცინო საქმეს წარმართავდა და ჩვენ შეწყალების დებულებაზე ერთად ვიმუშავეთ. მაშინ მისი საქმიანობით ვიყავი ძალიან კმაყოფილი. სამი თვე ვიმუშავეთ. ერთობლივი ჯგუფი გვქონდა შექმნილი, მაშინ კმაყოფილი ვიყავი. აშკარად ეტყობოდა, რომ იმ საქმეში ჩახედული იყო. მაგრამ თალაკვაძე, როგორც მერი, არ ვიცი, ჩემი აზრით ძალიან სუსტი იქნება. იმიტომ, რომ თბილისს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ამ დიდ პრობლემებს დიდი ცოდნა სჭირდება, რომ ჯერ გაიაზრო, სად არის მთავარი პრობლემა და შემდეგ მათ დაძლევაზე იფიქრო. არის თუ არა თალაკვაძე ასეთი კანდიდატი, სიმართლე გითხრათ, მეეჭვება“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, კენჭს იყრის თუ არა თავად თბილისის მერად, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე პარტიაში უნდა იმსჯელონ, რადგან ახლა გადაწყვეტილებებს მარტო აღარ იღებს.

„პარტიაში ჩვენ ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია. ამაზე გვიფიქრია. შეიძლება, გადავწყვიტო კიდევ ერთხელ ჩავერთო თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მიმდინარე წლის ოქტომბერში, შეიძლება არა. ახლა უკვე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. პარტიაში ვმსჯელობთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.