ალეკო ელისაშვილი - შარლ მიშელმა გვკითხა, გულწრფელად თუ გვსურს შეთანხმება, ყველა დავთანხმდით, პარლამენტთან დღევანდელი აქცია გუშინდელი სულისკვეთების საპირისპიროა
ალეკო ელისაშვილი - შარლ მიშელმა გვკითხა, გულწრფელად თუ გვსურს შეთანხმება, ყველა დავთანხმდით, პარლამენტთან დღევანდელი აქცია გუშინდელი სულისკვეთების საპირისპიროა

შარლ მიშელმა გვკითხა, გულწრფელად თუ გვსურს შეთანხმება, ყველა დავთანხმდით, პარლამენტთან დღევანდელი აქცია გუშინდელი სულისკვეთების საპირისპიროა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ევროპელი პოლიტიკოსის ჩამოსვლამ გაჭედილ და ჰაერში გამოკიდებულ პროცესს ახალი ბიძგი მისცა.

„განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, როცა თქვა, კარგი იქნებოდა, ოპოზიციას შეხვედროდა. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია და იმის ნაცვლად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ვსაუბრობდეთ, რამდენიმე თვეა, ეს ქვეყანა გავჭედეთ სიჯიუტით, უკომპრომისობით და ერთმანეთისადმი შეტევით. სიმართლე გითხრათ, გუშინ რაზეც შევთანხმდით და რაც მთავარი მოწოდება იყო, იქნებ, შეთანხმებამდე მისვლა ორკვირიან ვადაში მოხდეს. შეთანხმება იყო, რომ ორივე მხარემ ტონი უნდა შეარბილოს, მუშტების ბრახუნს და პროვოკაციულ ნაბიჯებს უნდა მორჩეს. აქცია პარლამენტთან საპირისპიროა იმ სულისკვეთების, რაც გუშინ იყო შეხვედრაზე.

გუშინ ყველას შარლ მიშელმა გვკითხა, გულწრფელად თუ გვსურს შეთანხმება, ყველამ დაადასტურა, რომ გვინდა შეთანხმება, მაშინ შევთანხმდეთ რიტორიკის შეცვლაზე, პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებაზე და ვთქვით, რომ ვთანხმდებით.

დღეს გავიღვიძეთ, აქეთ ერთი მხარეა, იქით მეორე, იყო აქცია და მუშტების ბრახუნი. ჯერ ხომ სამარცხვინოა, რომ უცხოელების გარეშე ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ისეთი უცხოელი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვსვამენ და გვალაპარაკებენ. ისედაც ეს სამარცხვინო ამბავი გვჭირს და სიტყვის და შეთანხმების დარღვევა ქვეყნისთვის ცუდია. შევხედოთ, რა რეალობაში ვართ და რა მთავრობაში ვართ, „კოვაქსს“ უნდა უჩივლონ, ვისგანაც შეიძლება ვაქცინა მივიღოთ. ეს იმიტომ, რომ ვიღაცამ წესიერად განაცხადი ვერ შეავსო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი