ალეკო ელისაშვილი - სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, მთლად ერთმანეთის ანაბარა არ ვართ მიტოვებული
ალეკო ელისაშვილი - სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, მთლად ერთმანეთის ანაბარა არ ვართ მიტოვებული

მსურს, აქედანაც მადლიერება გამოვხატო მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსისადმი, მიშელისადმი, რომელიც გუშინ იყო ჩამოსული და ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა ცალკე ხელისუფლებასთან, ცალკე ოპოზიცასთან და მისი ძალისხმევით მოხერხდა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველანი ერთად შევიკრიბეთ, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

​ელისაშვილის თმით, სასიამოვნო იყო ის კეთილგანწყობილი გარემო, რაც სუფევდა გუშინდელ შეხვედრაზე.

„რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის.

მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხდომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.