ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველობის კანდიდატის დასახელების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი გვლანძღავს, ლევან იოსელიანზე უკეთესი კანდიდატურა თუ იქნება, მხარს დავუჭერთ
ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველობის კანდიდატის დასახელების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი გვლანძღავს, ლევან იოსელიანზე უკეთესი კანდიდატურა თუ იქნება, მხარს დავუჭერთ

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანზე უკეთესი კანდიდატურა თუ იქნება, მის კანდიდატურას მოვხსნით და მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა, ოპოზიციის ნაწილი „მოქალაქეებს“ ლანძღავს დაჩქარებულად კანდიდატურის წარდგენისთვის, იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი დაესახელებინათ.

„საყვედური იმის თაობაზე, რომ სახალხო დამცველი დაჩქარებულად გადის, ვინ უშლიდათ, რომ საკუთარი კანდიდატურა დაესახელებინათ? პრესკონფერენცია ჩვენ თუ მოვიწვიეთ და ლევანი წარვადგინეთ, ვინმეს პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ ჰქონდა, კანდიდატის თუ რა? ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი წარვადგინე და რამდენიმე დღე ოპოზიციის ნაწილი გვლანძღავს იმის ნაცვლად, რომ კანდიდატი დაესახელებინათ. ეს დღეები ლანძღვაში რატომ დაკარგეს? ყველაფერში რაღაც შეთქმულებას ხომ არ უნდა ეძებდნენ? შეცდომა რომ მოგივა, სხვას არ უნდა დააბრალო. თავად ვერ მოიფიქრეს თუ კანდიდატი ვერ შეარჩიეს და ახლა ჩვენ გვაბრალებენ, დაჩქარებით რატომ შემოიტანესო? სიჩქარეს სად ხედავენ? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ლევანზე უკეთესი კანდიდატურა თუ იქნება, მის კანდიდატურას მოვხსნით და მხარს დავუჭერთ. არც თანამდებობა გვეხარბება, არც არაფერი – ლევანი ვიცე-სპიკერია. ქუჩიდან ხომ არ გამოვრბივართ და თანამდებობას ხომ არ ვეძებთ? ერთადერთი ვიცე-სპიკერია, ვინც ყველანაირ პრივილეგიაზე უარი თქვა – დაცვაზეც, მანქანაზეც, ბენზინის ტალონებზეც, ტელეფონზე თანხის ჩარიცხვაზეც და ნებისმიერ სხვა რამეზე. დიდი ხანია, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებს ეძებენ, მაგრამ თანდათან ყველა რწმუნდება, რომ ჩვენ ვართ ჩვენ – სხვების ზეწოლას და ბულინგს არ ვექვემდებარებით, ჩვენი მიდგომები გვაქვს. არავის მითითებს არ ვექვემდებარებით, არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის. ხალხურად რომ ვთქვა, არავის დაკრულზე არ ვცეკვავთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.