ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისია არის კანფეტები, რომელსაც ნამდვილად არ დავხარბდებით
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის საკმარისი პირობა. ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ფასი უნდა გადაიხადოს, რათა პარლამენტში შევიდეს.
„ჩვენი პარტია ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, თუ მოხდება პოლიტპატიმრების, დარჩენილი პოლიტპატიმრების გამოშვება, თუ შევთანხმდებით საარჩევნო სისტემის, საარჩევნო პროცედურების საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და შევიდეთ პარლამენტში. ამაზე გასაგებად და ამაზე მკაფიოდ რა ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური ფასი, რომელიც ჩვენი გადასახედიდან უნდა გადაიხადოს 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების გამო „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ, ამ ფასის გადახდის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში შევიდეთ. ამაზე გასაგებად რა ვთქვათ. საგამოძიებო კომისია არის კანფეტები, რომელსაც ნამდვილად არ დავხარბდებით და არც ისე ვიზამთ, როგორც ის დანარჩენი ოთხი დეპუტატი, უბრალოდ ადგა და შევიდა. 31 ოქტომბრის შემდეგ იძახდა მათი პარტია, რომ გაყალბდა, გაყალბდა ტოტალურადო და მერე ადგნენ და შევიდნენ. ჩვენ გვჭირდება ფასის გადახდა, ჩვენთვის არის ფასი ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებმა დაიბრუნოს სანდოობა, არჩევნებს ვენდობოდეთ და მეორე, დღეს არ ხდებოდეს ის, რაც ყოველთვის ხდება ამ 30 წლის განმავლობაში – ეს გადადგეს, ის გადადგეს, ბოიკოტი, ხომ შეიძლება, რომ ისევე დაგვავიწყდეს არჩევნების გაყალბება, როგორც უშუქობა დავივიწყეთ, მაგალითად. ეს არის ის ფასი, ის პირობა, რომლის საფასურადაც ჩვენ შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა თემის კომენტირებისას.
ხოლო, რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, მისი თქმით, ეს თემა არის ერთ-ერთი, რომელზეც მოლაპარაკებებზე მიდიოდა მსჯელობა.
„ოღონდ შეთანხმება რატომ არის და მოლაპარაკებები საჭირო, თუ მარტო „ქართულ ოცნებას“ დავუტოვეთ ეს ასპარეზად, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ელექტრონული არჩევნები არის რაღაც და მიჯღაბნის რაღაცას, გამოშიგნავს შინაარსისგან. ჩვენ იქ უამრავ დეტალზე ვსაუბრობდით, რა არის ელექტრონული არჩევნები, ხმის დათვლის პროცედურა როგორ უნდა იყოს, გადათვლის ავტომატური პროცედურა როგორი უნდა იყოს, ვიდეოკამერები როგორ უნდა იყოს, ლაივ სტრიმების პრინციპი როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს მთელი კომპლექსი თუ არ მოყვა ამ ელექტრონული არჩევნების სათაურს და იდეას, რაც თავისთავად კარგია, მაშინ იქნება რაღაც გამოშიგნული ბუტაფორია და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე ყოფნა ამიტომაა საჭირო, რომ თითოეულ საკითხზე, თითოეულ დეტალზე ვიმუშაოთ საქმიანად, პრინციპულად და მართლა კარგი საარჩევნო სისტემა გამოვგლიჯოთ „ქართულ ოცნებას“. სხვაგვარად ერქმევა ელექტრონული არჩევნები და იქნება ისეთივე მამაძაღლობა, როგორიც ახლა არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.